კახეთი

კახეთი

დავითგარეჯის მონასტერი- 2სთ.74კმ.

 

 

დავითგარეჯა — ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი, სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი. მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 60-70 კმ-ში, გარეჯის კლდოვან მთებში. სამონასტრო კომლექსის მცირე ნაწილი (ბერთუბანი, ჩიჩხიტური) აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს.

კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის დავითის მიერ. იგი თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა, ბუნებრივ მღვიმეში. ასე ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეებში ცნობილი გახდა დავითის ლავრის სახელით.

    

ბოდბე-1სთ.45წთ.110კმ

ბოდბის წმ. ნინოს სახელობის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ სიღნაღიდან 2 კილომეტრში. ტაძარი აგებულია IV ს-ის 30-იან წლებში, მირიან მეფის ბრძანებით, წმ. ნინოს საპატივსაცემოდ. წმინდანი ბოდბეში გარდაიცვალა და ღვთის განგებით აქვეა დაკრძალული. მირიანს მცხეთაში სურდა მისი გადმოსვენება მაგრამ ორასმა კაცმა ვერ დაძრა მისი სარეცელი ადგილიდან. ამიტომ წმ. ნინოს საფლავზე მეფეს ააშენა ტაძარი. შემდგომში აღმშენებლობითი სამუშაოები აქ ბაქარ მირიანის ძესაც ჩაუტარებია. VIII-IX საუკუნეებში ტაძარი სამნავიან ბაზილიკად გადაუკეთებიათ. მონასტერის გამშვენიერებაში დიდი წვლილი მიუძღვის დემეტრე I-საც. XVIII ს-ის II ნახევარში ბოდბის წინამძღვარი იყო იოანე მაყაშვილი (1743-1837), მის სახელთანაა დაკავშირებული ბოდბის ტაძრის ხელახალი შემკობა. ამ დროს აქ საკმაოდ მრავალრიცხოვანი მამათა მონასტერი იყო. 1811 წელს ბოდბის ეპარქია საარქიმანდრიტოდ გადაკეთდა და ალავერდ-კახეთის მიტროპოლიტად დაადგინეს ბოდბის მღვდელმთავარი იოანე მაყაშვილი.

       ტაძარი მოხატულია 1823 წელს იოანე მაყაშვილის დაკვეთით, რუსი მხტვრების მიერ, მხატვრობაში აშკარად იგრძნობა იტალიური სკოლის გავლენა. ამავე წელს გაკეთდა კანკელი, აშენდა საეპისკოპოსო სასახლე.  1837 წლიდან, იოანე მაყაშვილის გარდაცვალებასთან ერთად, დაიხურა ბოდბის მონასტერიც და სამრევლო ეკლესიად იქცა. ამის შემდეგ ბოდბის მონასტერს განაგებდნენ არქიმანდრიტები. მათ შორის გამორჩეული იყო არქიმანდრიტი მაკარი, რომელსაც დიდი ყურადღება მიუქცევია ქართული გალობის აღორძინებისთვის, მისი თაოსნობით გახსნილა გალობის სკოლა. ასევე მისი შემწეობით 1862 წელს დაიწყო სამსართულიანი სამრეკლოს მშენებლობა, რომელიც 1885 წელს დასრულდა. სამონასტრო ცხოვრების აღდეგანაში დიდი წვლილი მიუძღვის მიხეილ საბინინს, რომელმაც შეცვალა წმ. ნინოს საფლავის ქვა და ლუსკუმა.1889 წელს ბოდბეს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III ეწვია, მისი ბრძანებით გაიხსნა დედათა მონასტერი. 1924 წელს მონასტერი დაიხურა. ბოდბის უკანასკნელი იღუმენია ნინო ვაჩნაძე, მიუხედავად მრავალგზის მუქარისა, მონასტერს არ შორდებოდა, თუმცა საბოლოოდ იძულებული გახდა ბოდბე მიეტოვებინა და თბილისში, ანჩისხატის ტაძართან დასახლებულიყო, სადაც გარდაიცვალა კიდეც. სამოციან წლებში ბოდბის უკანასკნელი წინამძღვარი მისი ანდერძისამებრ, ბოდბეში გადაასვენეს.

         1991 წელს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ბოდბეში აღდგა საბჭოურ პერიოდში შეწყვეტილი სამონასტრო ცხოვრება. ამ დროიდან ძლიერდება მონასტერი და თანდათან იბრუნებს ძველ სიძლიერეს.

         მონასტრის ერთ-ერთ უდიდესი სიწმინდე არის ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. მას კომუნისტების დროს მონასტრის ადგილას გახსნილ საავადმოყოფოში, საოპერაციო მაგიდად იყენებდნენ. შემდგომ ღვთისმშობელი ექიმ ქალს გამოეცხადა და ხატის პირვანდელ ადგილას გადასვენება უბრძანა. ერთხელ ერთმა ურწმუნო კაცმა ხატის შეურაცხოფა სცადა და დანით დაუსერა სახე, რისთვისაც მკაცრად დაისაჯა და სრულიად ჯანმრთელი მოულოდნელად გარდაიცვალა.

          2002 წელს აღსდგა სამრეკლოც. ასევე ამ პერიოდში მთავარ ტაძარსაც ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები.ბოდბის წმ. გიორგის ტაძარი საკათედროა და მონასტერი ბოდბის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. მონასტერი მოქმედია.

   

წმინდა ნინოს წყარო-1სთ45წთ.110კმ

წმიდა ნინოს წყარო მონასტრიდან დაახლოებით 3 კმ-ში მდებარეობს. გადმოცემის მიხედვით, ის წმიდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულა. ამიტომაც ეწოდება წმიდა ნინოს წყარო. ამ წყალში განბანვის შემდეგ უამრავი სულიერად და ფიზიკურად დავრდომილი ადამიანი განკურნებულა. წყაროსთან აშენებულია წმიდა ნინოს მშობლების - წმიდათა ზაბულონისა და სოსანას სახელობის მცირე ეკლესია.

როდესაც წმინდა ნინო გარდაიცვალა, მეფე მირიანმა სვეტიცხოველში, მაცხოვრის კვართთან ახლოს მოისურვა მისი გადასვენება, მაგრამ ორასმა კაცმა ძვრა ვერ უყო წმიდანის მცირე სარეცელს და იქვე, ბოდბეში, დაკრძალეს. დამწუხრებული მეფე თავის სამეფოსთან ერთად ოცდაათი დღე გლოვობდა „სიობლესა თვისსა“. საფლავთან ხალხიც დიდძალი შეკრებილიყო, რადგან მრავალი კურნება აღესრულებოდა ქრისტეს მადლით. პირველი ტაძარიც წმიდა ნინოს ლუსკუმაზე, „ფრიად დიდი“ და „ყოვლითა სამკაულითა“ შემკული, სწორედ მეფე მირიანმა ააგო. გარდაცვალების წინ კი ანდერძად დაუტოვა ნანა დედოფალს: „შენ, ნანა, თუ დაგცალდა, ჩემი სიკვდილის შემდეგ, სამეფო განძი ორად გაყავი და ერთი ნაწილი წმიდა ნინოს საფლავს შესწირე, რათა უკუნისამდე შეუძვრელად ეგოს ეს ადგილი“, მთავარეპისკოპოსს კი მეფე ევედრა, განედიდებინა ბოდბე, რადგან პატივი შვენოდა ამ ადგილს.

 

    

 

ნეკრესი-2სთ.15წთ.128 კმ.

 ნეკრესი მეტად საინტერესო ნაგებობათა ანსამბლია, რომელიც ნაშთია ნეკრესად წოდებული უძველესი ქალაქისა, რომელიც ჩვენს წელთააღრიცხვამდეა დაარსებული. დააარსა მეფე ფარნაჯომმა (ძვ.წ. II-I სს.). IV საუკუნეში მეფე თრდატმა აქ ააგო ეკლესია, სადაც VI საუკუნეში დამკვიდრდა ერთი ცამეტ  ასურელი მამათგანი - აბიბოსი (იხ. აბიბოს ნეკრესელი). მომდევნო საუკუნეებში ქართველ მეფეებს ბევრი რამ გაუკეთებიათ ქალაქ ნეკრესის ზრდისა და გამშვენებისთვის. მონასტერი მდებარეობს ყვარლის რაიონში, სოფელ შილდის მახლობლად, კავკასიონის ქედის განშტოებაზე. მონასტრის იტორიული მნიშვნელობა რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრება: ერთი მხრივ სწორედ აქ იქნა აგებული ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული სამლოცველო საქართველოს ტერიტორიაზე (IV საუკუნის III მეოთხედში); მეორე მხრივ კი, უკვე VI საუკუნის მეორე ნახევარში აქ დიდად მნიშვნელოვანი კულტურული კერა ჩნდება. ეს მოვლენა დაკავშირებულია იოანე ზედაზნელის თანამოღვაწის, აბიბოსის სახელთან, რომელიც ნეკრესის მღვდელმთავრად აკურთხეს. სადღეისოდ, ეს დიდი და მნიშვნელოვანი სასულიერო -საგანმანათლებლო კერა საინტერესოა პირველ რიგში იმ უნიკალური და მხატვრული თვალსაზრისით ფრიად მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლების წყალობით, რომლებიც მრავლადაა შემორჩენილი მონასტრის ტერიტორიაზე. კომპლექსი შეიცავს ადრეუ IV საუკუნის სამლოცველოს, სამეკლესიან ბაზილიკას (VI-VIIსს.), გუმბათიან ეკლესიას (VIII-IX სს.), საეპისკოპოსო სასახლეს (IX ს.) კოშკს (XVI ს.) მარანს, რამოდენიმე სამეურნეო შენობის ნაშთს, სატრაპეზოს, ბერთა სენაკებს, მცირე სამლოცველოებს და სხვა. ნეკრესის მონასტერში მშენებლობის დაწყება დაკავშირებულია საქართველოში ქრისტიანობის მიღებისა და მისი სახელმწიფო რელიგიად აღიარების პირველივე წლებთან.  ნეკრესში არის ყველა მართმადიდებლური ეკლესიისგან გამოჩეული წესი, ამ ეკლესიაში მხოლოდ, საქართველოში, ღორების დაკვლა. ლეგენდა ასეთი შინაარსის არის, რომ ერთხელაც ნეკრესის ციხეს ლეკები შემოესივნენ და ალყა შემოარტყეს, ძალიან რომ გაუჭირდათ ქართველებს, ერთი ეშმაკური ხერხი იხმარეს.რაც ციხეში ღორები ჰყავდათ ყველა დაკლეს,ნისი სისხლი დადმოასხეს ხოლო ხორცი კი გადმოყარეს ციხიდან,როგორც მოგეხსენებათ მუსულმანები ღორს არ ეკარებიან,ციხის გარშემო კი ყველგან ღორის ხორცი და სისხლი ესხა. მოხსნეს ალყა და გაბრუნდნენ უკან.ასე გადარცა ის ციხე მონასტერი აოხრებას.მას შემდეგ ყოველ 7 ნოემბერს ნეკრესობა იმართება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიოში მხოლოდ ორია ასეთი ქრისტიანული სალოცავი.

   

 

გრემი -2სთ.114კმ

 გრემი მდებარეობს კახეთში, ყვარლის რაიონში. ქალაქისათვის შეურჩევიათ მდინარე ინწობას მარჯვენა ნაპირი, რთული რელიეფი გამოყენებულია ზომიერად: გორაზე დგას ტაძარი, იქვე ახლოს ყოფილა სასახლეც, ხოლო ქალაქი დასავლეთით დაბლობზე მდებარეობდა. ქალაქს ეკავა რამდენიმე ათეული ჰექტარი, რომელიც შემოზღუდული ყოფილა გალავნით. ქალაქის შიდა ტერიტორია დაყოფილი იყო მონაკვეთებად, ცენტრალური ნაწილი სავაჭრო ქულბაქებს ეკავა. ქალაქში ყოფილა საზოგადო დანიშნულების აბანოც. იგი მდგარა ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთში და შედგებოდა როგორც ცივი, ისე ცხელი აბანოებისაგან. ქვედა სართულში მოთავსებული ყოფილა გათბობის სისტემა, ზემოთ გასახდელი, სააბაზანოები და სხვა. გარდა ამ საერთო აბანოსი ქალაქში იყო სამეფო აბანოც. ქალაქი მომარაგებული ყოფილა სასმელი წყლით. ნაქალაქარში აღმოჩენილია კერამიკული მილის წყალსადენები.გრემის ისტორიიდან მცირე ცნობებია შემონახული.   XX-საუკუნის 80-იან წლებში აქ მუზეუმი გაიხსნა. 1989 წელს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა - კურთხევით გრემში აღსდგა ღვთისმსახურება. XX-საუკუნის 90-იან წლებში ტაძარში ძეგლთა დაცვის დეპარტამენტმა ჩაატარა რესტავრაცია: ტაძარი გადაიხურა და გამაგრდა. 1999 წლის 12 დეკემბერს, აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღეს, განახლდა სამონასტრო ცხოვრება. ამ პერიოდში აიგო კელიები ბერებისათვის...

მეტად დიდი ტრაგედიის მოწმე იყო გრემი XVII-საუკუნის დასაწყისში. ამ დროს კახეთში მეფობდა ალექსანდრე II, რომლის შვილი კონსტანტინე შაჰ-აბასის კარზე იზრდებოდა. გამაჰმადიანებული კონსტანტინე შაჰმა ჯარით კახეთში გაგზავნა და თან ფარული დავალება მისცა: მოეკლა მამა და თვით გამეფებულიყო. ამ განზრახვით მოსულმა კონსტანტინემ გაუგონარი ბოროტება ჩაიდინა: სიცოცხლეს გამოასალმა მოხუცი მამა, ძმა და რუსთავის ეპისკოპოსი. შემდეგ თავის რძალს შეუთვალა, მაჰმადიანური წესის თანახმად ცოლად გაჰყოლოდა მას. შეძრწუნებულმა ქეთევანმა შეჰყარა კახელები და მამის მკვლელოს წინააღმდეგ აამხედრა. კახელებმა სძლიეს ყიზილბაშებს და გრემს იზეიმეს გაარჯვება.

       2011 წლის ზაფხულში გრემის ციხე-ქალაქს ჩაუტარდა სრული რესტავრაცია, ჩატარდა არქეულოგიური გათხრები, შესწავლილი იქნა გრემის ნაქალაქარის უბნები, ასევე ჩაუტარდა რესტავრაცია მცირე ტაძრებსაც, რომლებიც ნაქალაქარის ტერიტორიაზე შემორჩენილი. ჩასულ მნახველს შეექმნება შთაბეჭდილება ძველი გრემის სიდიადისა და სიძლიერის შესახებ.

   

 

 

 

 

იყალთო-- 1სთ50წთ.96კმ

 

იყალთო - სოფელი თელავის რაიონში. მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილოეთ - აღმოსავლეთ კალთაზე. მდებარეობს ზღვის დონიდან 700 მეტრზე, თელავიდან 7 კილომეტრში. სოფლის მახლობლად დგას იყალთოს სამონასტრო კომპლექსი (ფერიცვალების ეკლესია, იყალთოს სამება, სამეკლესიიანი ბაზილიკა, იყალთოს აკადემია); სოფელშია ასევეწმ.სტეფანეს ეკლესია მე-6 საუკუნის, ნათლისმცემლის (XVII-XVIII სს) და მთავარანგელოზის ეკლესიები (XVII-XVIII სს.). იყალთოს სამონასტრო კომპლექსი დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისაა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს. მონასტრის ტერიტორიაზე შემოჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები, აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მნიშვნელოვანი ძეგლია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია "ღვთაება" (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი). სამების მცირე ეკლესია, რომელშიც მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება. აკადემიის გეგმით წაგრძელებული შენობა რიყის ქვით არის ნაშენი. პირველი სართული 2 ოთახისაგან შედგება, მეორე კი ერთი მთლიანი დარბაზია (24,5X9 მ) და, როგორც ჩანს, სამეცნიერო შეკრებათათვის იყო იმთავითვე განკუთვნილი. შენობა სტილით VIII-IX საუკუნეების ფეოდალურ სასახლეებს ენათესავება და აგებულიც მაშინ უნდა იყოს.

  

 

 

 

ალავერდი--1სთ.55წთ.107კმ

 

ალავერდის მონასტერი, რომელიც VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა 13 ასურელ მამათაგანმა. მდებრეობს ალაზნის ველზე, კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზე, თელავიდან 20 კმ-ში. დღეს არსებული წმ. გიორგის ტაძარი XI ს-ის პირველ მეოთხედში ააგო კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას. საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარი (41,7 მ X 26,4 მ) სიმაღლით 50 მეტრზე მეტია.ალავერდი XI საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო. ამავე საუკუნიდან ალავერდის ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვლედაც იქცა.

ალავერდი თავდაპირველად მამათა მონასტერი იყო, რომელშიც არსებობდა საკმაოდ მოზრდილი ბიბლიოთეკა, რომელიც გამუდმებით მდიდრდებოდა გადაწერილი და შემოწირული ხელნაწერებით. ალავერდი ლიტერატურული საქმიანობის მძლავრი კერაც იყო. აქ მოღვაწეობდნენ: ფილიპე ალავერდელი, ზებედე მთავარეპისკოპოსი, ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი), მარიამ ბაგრატიონი და სხვ. XVII – XVIII სს -ში აქ დედათა მონასტერიც დაარსდა

ტაძარი ნაშენია უმთავრესად რიყის ქვით. გარედანაც და შიგნიდანაც მოპირკეთებულია მოყვითალო ნახვრეტოვანი ტუფის ფილებით, რომლებიც ახლა შეთეთრებულია. იგი გადახურული ყოფილა ცისფრად მოჭიქული დიდი ზომის კრამიტის ფილებით, რომელთა ფრაგმენტებიც შემორჩენილია.ტაძარი ბევრჯერ დაზარალდა მომხვდურთაგან და მიწისძვრებისაგან. პირველი დიდი რესტავრაცია მას გაუკეთა ალექსანდრე კახთა მეფემ XV ს-ის 80 -იან წლებში, შემდეგ დედოფალმა თამარმა, ბოლოს კი ერეკლე II -მ.

XIX საუკუნეში რუსულმა საეკლესიო ხელშეკრულებამ ტაძრის ჩრდილოეთით და სამხრეთით მდებარე სტოები მოუნგრია, შელესა და შეათეთრა კედლები და ტაძარში რუსული კანკელი აღმართა.

ალავერდშიყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული “ალავერდობა”, ნაყოფიერებისა და მოსავლის აღება – დაბინავებასთან დაკავშირებული დღესასწაული, რომელიც იწყება 14 სექტემბერს, გრძელდება 3 კვირას.

   

 

 

გურჯაანის ყველაწმინდა--1სთ45წთ.112კმ

გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, ე.წ. “ყველაწმინდა”, VIII-IX საუკუნეების ძეგლია. ის ერთადერთი ორგუმბათიანი ეკლესია მართლმადიდებლურ სამყაროში და სოფელ გურჯაანში მდებარეობს.

გურჯაანის “ყოვლადწმინდა” (შემდგომში “ყველაწმინდად” მოიხსენიება) ორგუმბათიანი, , სამნავიანი ბაზილიკური ნაგებობაა..

არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი შემოსევის დროს ბერებმა და მლოცველებმა სამალავს შეაფარეს თავი, დარჩა მხოლოდ ჩვილბავშვიანი ქალი, რომელიც სასოწარკვეთილი აქეთ-იქით დარბოდა. მოულოდნელად ეკლესიის კედელი გახსნილა და ქალი იქ დამალულა. ცოტახანში ქალს იმდენი რძე წამოსვლია, რომ კედელში გამოჟონილა. ამ დღიდან დედები, რომელთაც რძე არ აქვთ, მიდიან, ფხეკენ ტაძრის სველ კედელს, სადაც თეთრი ფერის წვეთები შეიმჩნევა და სვამენ. ლეგენდა 1878 წელს მელიქსეთ-ბეგის მიერ არის ჩაწერილი. ამჟამად მონასტერი მოქმედია და იქ ბერები მოღვაწეობენ.

   

 

ხორნაბუჯი--2სთ.22წთ.146კმ

 მდებარეობს დედოფლისწყაროს რაიონში, დედოფლისწყაროდან რამდენიმე კილომეტრში. იგი საქართველოს ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს ციხე ქალაქს წარმოადგენს. თვითონ ციხის მთავარი ციტადელი მიუვალ კლდეზეა გაშენებული საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება. არქეოლოგიური გამოკვლევები ადასტურებს ამ ადგილას დასახლების არსებობას, ჯერ კიდევ წინაქრისტიანულ ხანაში, IV-III სს-ში ძვ.წ. ქალაქ ხორნაბუჯის განვითარება V ს-დან იწყება და ვახტანგ გორგასალის სახელთან არის დაკავშირებული, რომელმაც აქ საეპისკოპოსო კათედრა დააფუძნა, ხოლო თვით ქალაქი თავის ვაჟს, დაჩი უჯარმელს უბოძა. ციხე-ქალაქი სავაჭრო გზაზე მდებარეობდა. VI ს-დან იგი ქართლის ერისთავებს ეკუთვნოდა, ხოლო VIII ს-დან – ჰერეთის სამთავროს. XI ს-დან ფეოდალთა გვარის მახატლისძეთა რეზიდენციას და გაერთიანებული საქართველოს განაპირა საერისთავოს ცენტრს წარმოადგენდა.

  

 

უჯარმის ციხე

 უჯარმის ციხე-ქალაქის ამჯამინდელი ნანგრევები მდებარეობს გარე კახეთში, მდინარე იორის ნაპირზე.ქალაქმა განსაკუთრებული აღმავლობა განიცადა V-საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც ვახტანგ გორგასალმა იგი თავის ერთ-ერთ რეზიდენციად აქცია.  დღეს არსებულ ნანგრევებში შემორჩენილია ციხის მთავარი ციტადელის გალავნისა და კოშკების ნაშთები, მცირე ზომის ჯვარპატიოსნის კარის ეკლესია, ორსართულიანი სამეფო სასახლის ნანგრევები, წყალსაცავი, და სხვა დამხმარე ნაგებობები. ციხის გალავანი გრძელდებოდა მდინარე იორის ნაპირამდე, გალავნის კუთხეებსა და საპასუხისმგებლო ადგილებში კოშკები იყო ჩარიგებული, კოშკები ძირითადად ორ ან სამ სართულიანი იყო. ქალაქს რამდენიმე კარი ჰქონდა. მთავარი კარი ყოფილა ციხის დასავლეთით. ასევე ერთ-ერთი კარი ჰქონია მდინარის პირას, გამორიცხული არ არის რომ ქალაქს თავისი წყალსადენი ჰქონოდა. საერთო ჯამში ციხე არქიტექტურული თვალასაზრისით იშვიათი გემოვნებით არის აგებული.

   

 

 

 

ნინოწმინდა--50წთ.46კმ.

 

სოფელი საგარეჯოს რაიონში, გომბორის ქედის სამხრეთ მთისწინეთზე....ზღვის დონიდან 800 მ., საგარეჯოდან 2 კმ.. ნინოწმინდაში შემორჩენილია გალავანშემოვლებული სამონასტრო კომპლექსი - ტაძარი, აგურის ოთხსართულიანი სამრეკლო (XVI ს.), მიტროპოლიტ საბა ტუსისშვილის ორსართულიანი სასახლე (1774-1777) და სხვა ნაგებობათა ნანგრევები, რომელიც შემორჩენილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფ. ნინოწმინდაში. ნინოწმინდის ტაძარი VI საუკუნის საყურადღებო ძეგლია. ტაძარი მრავალჯერ შეუკეთებიათ საფუძვლიანად (XI-XII სს., XVI ს.). საბოლოოდ დაინგრა 1824 და 1848 მიწისძვრის დროს. ნინოწმინდის სამრეკლო სიდიდით ერთ-ერთი პირველთაგანია საქართველოში. იგი XVI-XVIII საუკუნეების აგურის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია. 

 მონასტერში მდიდარი წიგნთსაცავი ყოფილა, რასაც მოქმობს ჩვენს დრომდე მოღწეული ხელნაწერები. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და პოეტები: მღვდელმთავრები - ათონის ლიტერატურული სკოლის მოღვაწე ექვთიმე მთაწმიდლის ახლო თანამშრომელი არსენ ნინოწმინდელი (X-XI სს.), მიტროფანე ნინოწმინდელი, იოანე ნინოწმინდელი (XVIIIს.), საბა ტუსისშვილი და სხვა.

    

 

 

 

სიღნაღი-1სთ45წთ.109კმ

 

      სიღნაღი – ქიზიყის გული,  მთაგორიანი ქალაქი…გომბორის ქედზე გოროზად გადმომდგარი და ალაზნის ველის ფხიზლად მოდარაჯე.რეკლე მეფეს მიეწერება სიღნაღის გადაქცევა  ქალაქად.

სიღნაღი ქიზიყის ის ნაწილია, სადაც ყოველ კუთხეს, ადგილს, სახლს, ქვასაც კი თავისი ისტორია აქვს. იგი თავისი გალავნითა და კოშკებით აბჯარი ჩამჯდარი რაინდივით გადასცქერის ალაზნის ველს.

სიღნაღი მდებარეობს ცივგომბორის ქედის ჩრდილო კალთაზე. ზღვის დონიდან 750 მ სიმაღლეზე.ქალაქის ტერიტორია 296,5 ჰექტარზეა .

        ქალაქში ყოფილა ცხრამდე ღვინის მარანი,აგურის ქარხანა, სატრანსპორტო ,,ლინეიკების“  არტელი, ტყავის ქარხნები და სხვა.სიღნაღის ციხე-გალავანი ნაგებია რიყის ქვით, ხოლო უმნიშვენო რაოდენობითაა გამოყენებული აგური.

XIX   საუკუნის  II ნახევრიდან სიღნაღში ფეხს იკიდებს ქალაქური ცხოვრებისთვის დამახასიათებელი, სალონური ტიპის საღამოები, სადაც, უმთავრესად, ინტელექტუალური ელიტა იკრიბებოდა.

XIX  საუკუნის ბოლოსთვის, სიღნაღში შეიქმნა მოძრავი თეატრალური დასი, ჩამოყალიბდა ქართული და აღმოსავლური სამუსიკო დასები, იქმნებოდა სამუსიკო სალონები. სიღნაღი რეგიონის  კულტურულ და სავაჭრო ცენტრად იქცა.

         სიღნაღი ამჟამად საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომლის მომხიბვლელობას  განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხუროთმოძღვრული სახე, ისევე ბუნებრივი მდებარეობა. სიღნაღს ხშირად ქალაქ-მუზეუმსაც უწოდებენ. ქალაქიდან იშლება არაჩვეულებრივი ხედი ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე.

    2007 წელს ქალაქს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, გაიხსნა მუზეუმი და სასტუმროები.

 

         

 

შუამთის მონასტერი

ახალი შუამთის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, თელავის მუნიციპალიტეტში, თელავის დასავლეთით 7 კილომეტრში, ცივგომბორის მთის კალთაზე.

ახალი შუამთის მონასტრის ერთ-ერთი უმთავრესი სალოცავი ხახულის ღვთისმშობლის ხატია; იგი დაბრძანებული ყოფილა ტაძრის კანკელის წინ, მარჯვენა მხარეს. ოდიგიტრიის ტიპის ჩვილედი ღვთისმშობლის ფერწერული სახე ოქროთი და ძვირფასი ქვებითაა მოჭედილი (იაგუნდი, ფირუზი, ალმასები და მარგალიტები). ხატს ზურგზე 44 წმიდა ნაწილი აქვს. დღეს ეს ხატი თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახლმწიფო მუზეუმის საგანძურშია დაცული.

ახალი შუამთის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარმა სახელწოდება ადგილმდებარეობიდან მიიღო - მას სამი მხრიდან მთები აკრავს, თავად კი მთათაშუა მდებარე ვაკეზეა აგებული.

ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი და ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი დაფუძნდა XVI ს-ის 50-იან წლებში კახეთის მეფის ლევანის (1520-1574) და მისი მეუღლის თინათინის მიერ. დედოფალი თინათინი ამავე მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად და აქვეა დაკრძალული. მონასტრის დაარსების შესახებ არსებობს გადმოცემა: ახლადჯვარდაწერილ სამეფო წყვილს - მეფე ლევანსა და დედოფალ თინათინს იმ ადგილას შემოაღამდათ, სადაც ახლა შუამთის მონასტერია აგებული. მეფის ამალა გურიიდან მოასვენებდა ხატს, რომელიც დედოფალს განუშორებლად თან დაჰქონდა. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი ღამისთევისას ერთი შინდის ხის ქვეშ დაუბრძანებიათ. მეორე დღეს, როდესაც გამგზავრება დააპირეს, ხატი ადგილიდან ვერ დაძრეს, სანამ დედოფალმა არ აღუთქვა ამ ადგილზე ეკლესიის აგება და ძველი შუამთიდან მონასტრის აქ გადმოტანა.

 

 

 

ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი და ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი ალავერდის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი მოქმედია.